„მეწყერი ჩამოწვა“. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, სტიქიით დაზარალებულ თედორაძეების, ვაშაყმაძეების, დვალისა და კოხიების ოჯახებს საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე შეხვდნენ, სტიქიით დაზარალებულების მდგომარეობას გაეცნენ და სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებაზე ისაუბრეს.
ძლიერმა ქარმა და რამდენიმე დღიანმა წვიმამ ბაღდათის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა. ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი იყო ხეები, დაზიანდა ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზები. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში ელექტრო ენერგიის მიწოდება აღდგენილია.
სახურავის გარეშე დარჩენილია 120-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
უამინდობამ და ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები შექმნა იმერეთში. მუნიციპალიტეტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ასევე დაიწყო ზარალის დათვლა და შესაბამისი სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება.
როგორც საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი აცხადებს, სტიქიით დაზარალებული არცერთი მოქალაქე არ დარჩება დახმარების გარეშე.