დავით IV აღმაშენებელი საქართველოს მეფე
დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073,ქუთაისი — გ. 24 იანვარი, 1125— საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.
დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა. მამამისი, გიორგი II, შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ, დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.
დავით აღმაშენებელმა ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში ჩაატარა სიღრმისეული რეფორმები, რომლებმაც საბოლოოდ დაასრულეს ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, მან ქვეყნიდან სელჩუკი დამპყრობლები განდევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია და მემკვიდრეებისათვის გადააბარა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო „ნიკოფსითგან დარუბანდისა“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დავით აღმაშენებლის ეკონომიკური და საეკლესიო რეფორმები, რომლებიც საქართველოს გაძლიერების მთავარი საყრდენი გახდა. მის სახელს უკავშირდება რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც აღმოფხვრა ის დარღვევები, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი.
დავით IV-ის საგარეო პოლიტიკა უაღრესად აქტიური იყო და ფეოდალური საქართველოს პროგრესის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული წინსვლის საქმეს ემსახურებოდა. დავითის დროის საქართველოს ფართო მასშტაბის პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილო კავკასიისა (ოსები, ყივჩაყები, დაღესტნის ხალხები) და სხვა ხალხებთან, ძველ რუსეთთან, სომხეთთან, შირვანთან, ბიზანტიასა და ჯვაროსნებთან. დავითის მეფობის დროს საქართველომ ჯვაროსანთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა: პირადად დავით აღმაშენებელი და მისი დროის საქართველო კასპიის კარის დამცველად და თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჯვაროსანთა „წინაბურჯად“ მოიხსენიებოდა. დიდგორის ბრძოლის დროს დავით აღმაშენებლის ლაშქარში ჯვაროსნების („ფრანგების“) ყოფნა ასევე მიგვანიშნებს საქართველოს აქტიურ კონტაქტებზე ევროპის ქვეყნებთან და იმაზე, რომ საქართველო ევროპული სივრცის ნაწილი იყო.
პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 26 იანვარი (ახ. სტ. 8 თებ.) დააწესა.
ზოგიერთ ავტორთან (თედო ჟორდანია, ივანე ჯავახიშვილი, ე. პახომოვი და სხვ.) აღმაშენებელი დავით II-დაა მოხსენიებული. ეს რამდენადმე პირობითია. საერთოდ, ერთიანი საქართველოს მეფე დავითებს შორის, აღმაშენებელი დავით I-ია. როცა ზოგი ისტორიკოსი მას დავით II-დ მოიხსენიებს, ამ შემთხვევაში ათვლა დავით კურაპალატიდან იწყება ე. ი. დავით კურაპალატი (978-1001 წწ.) დავით I-ა და შესაბამისად, დავით აღმაშენებელი—დავით II.
ქართულ ისტორიოგრაფიაში დავით აღმაშენებლის რიგით ნომრად დავით IV-ა მიჩნეული და დამკვიდრებული, ეს, როგორც ზემოთაც აღინიშნა, პირობითობაზეა დამყარებული, კერძოდ, დავითის სახელის მატარებელ მეფეთა ნუმერაცია იწყება ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა სამეფოს მეფეებიდან, რომლებიც ქართველთა მეფის ტიტულს ატარებდნენ.[8] სხვათა შორის, ამგვარ პრინციპზეა დამყარებული ბაგრატების ათვლა-ნუმერაციაც.
დავით IV ისტორიაში „აღმაშენებლის“ სახელითაა ცნობილი. ეს ზედსახელი მას გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ უწოდეს. ყოველ შემთხვევაში, XV საუკუნემდე ცნობა, სადაც დავით IV ამ სახელითაა მოხსენიებული, ჩვენამდე მოღწეული არ არის. პირველად „აღმაშენებელი“ გვხვდება 1452 წლის ე. წ. ავშანდაძეების სასისხლო სიგელში, სადაც ნათქვამია, რომ „როდეს აღმაშენებელი გელათს აშენებდა“, გადმოვარდნილა, დამტვრეულა და ავშანდაძეებს უმკურნალიათ მისთვისო.ნარატიულ ისტორიულ ლიტერატურაში დავითი „აღმაშენებლის“ ზედწოდებით მოხსენიებულია XVII საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ისტორიაში“.
ოფიციალურ ქართულ ისტორიოგრაფიაში დავით IV „აღმაშენებლად“ უფრო გვიან, „ახალი ქართლის ცხოვრებასა“ და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში („აღწერა სამეფოსა საქართველოსა“) იწოდება.
ვახუშტი ბატონიშვილი დავითისათვის ამ ზედსახელის დარქმევას ასე ხსნის:
დავითი, გიორგი II-სა და ელენე დედოფლის ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და თავისი 16 წლის ვაჟი გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებასა და სახელმწიფო საქმეებში გაცნობიერებაზე უნდა მეტყველებდეს.
დავით IV აღმაშენებლის ტახტზე ასვლა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ქართველ ისტორიკოსებში: ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დავითი სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა ხელისუფლებაში, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ არავითარი გადატრიალება 1089 წელს არ მომხდარა და გიორგი II-მ ვაჟი გვერდით ამოიყენა, როგორც თანამეფე. ამ კამათს საფუძვლად დაედო ორი სხვადასხვა წყაროს, „გალობანი სინანულისანი“-სა და შიომღვიმის მონასტრისადმი დავითის ანდერძის თავისებური ინტერპრეტაცია.
საქართველოს მდგომარეობა დავით აღმაშენებლის გამეფებისას
თურქ-სელჩუკების შემოსევამ არსებითად შეცვალა პოლიტიკური ვითარება კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში. დამარცხებულმა ბიზანტიამ პოლიტიკური სარბიელი სელჩუკებს დაუთმო და ისინიც მტკიცედ დამკვიდრდნენ სამხრეთ კავკასიაში.
მომთაბარე სელჩუკები სრულიად განსხვავდებოდნენ არაბებისა და ბიზანტიელებისაგან, ისინი დაპყრობილ ტერიტორიაზე სახლდებოდნენ და მეურნეობისათვის საჭირო მიწებს იკავებდნენ. სელჩუკების მეჯოგეურ-მომთაბარული მეურნეობა შეუთავსებელი იყო ქართული ფეოდალური მეურნეობისათვის. პრიმიტიული მეურნეობა მკვიდრდებოდა მტკვრის, ალაზნის, ივრისა და არეზის სანაპირო ჭალებზე. მაღალგანვითარებული კულტურები, ბაღ-ვენახები, პურეული და სხვა კულტურები ადგილს უთმობდა საძოვრებს. თურქობა საქართველოს ფეოდალურ მეურნეობას მიწას აცლიდა და მას გადაშენების საფრთხეს უქმნიდა და აფერხებდა საქართველოს და საერთოდ, კავკასიის გაერთიანება-ცენტრალიზაციას.
საქართველო იმდენად დაკნინებული იყო, რომ მისი მეფის უფლებები მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა, „საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა, და სადგომი სამეფო წაღულისთავი“. როცა მეფეს ქართლის ჭალაში ან ნაჭარმაგევს ნადირობა სურდა, წინასწარ აგზავნიდა კაცებს ადგილების დასათვალიერებლად და შემდეგ გადმოდიოდა.დავით IV–ს მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა.
ღონისძიებები ხელისუფლების გაძლიერებისა და ცენტრალიზაციისთვის
დავითმა შემოიკრიბა თავისი ერთგული ქვეშევრდომები, რათა მათი მხარდაჭერით წარმატებით წარემართა ქვეყნის საქმეები. საქართველოს სამეფო კარი თავს უყრიდა ერთგულ მხედართა რაზმებს. სწორედ ერთგული მოლაშქრეებით ესხმოდა თავს სელჩუკებს, ამარცხებდა მათ და ამით მტრის შიშით მთაში გახიზნულ ქართველ მიწის მუშას ბარად ჩამოსვლის საფუძველს უქმნიდა. დავითმა სელჩუკები ქართლიდან თანდათან აჰყარა. ეს წვრილი გამარჯვებები ქართველ ხალხში მტრის გარდუვალი დამარცხების აუცილებლობასა და საკუთარი ძალის რწმენას აღვივებდა. ქვეყანა თანდათან დაუბრუნდა სოფლის მეურნეობის ინტენსიურ წარმოებას, ქალაქები კი აღორძინების გზას დაადგა.
სელჩუკთა ძლიერება თანდათან შესუსტდა სულთან მალიქ-შაჰის სიკვდილის შემდეგ (1092 წლიდან). ეს, თავის მხრივ, საქართველოს პოლიტიკური ძლიერების წისქვილზე ასხამდა წყალს. გარეშე მტრის დასუსტებასთან ერთად აღარც შინაური ურჩი ფეოდალები წარმოადგენდნენ დიდ საფრთხეს.
ბრძოლა კლდეკარის საერისთავოს წინააღმდეგ
დავით აღმაშენებელმა XI საუკუნის ბოლოს მკაცრი ბრძოლა გამოუცხადა დიდგვაროვან ფეოდალებს. დავითის ისტორიკოსი მელიქ-შაჰის სიკვდილსა და ლიპარიტის განდგომას ერთმანეთთან აკავშირებს. მალიქ-შაჰი 1092 წელს გარდაიცვალა, ლიპარიტი კი 1093 წელს განდგა.
ბაღვაშები მსხვილი ფეოდალები იყვნენ IX-XIII საუკუნეების საქართველოში, მათი სამფლობელო იყო არგვეთი (ზემო იმერეთში). IX საუკუნის 70-80-იან წლებში ამ გვარის წარმომადგენელი ლიპარიტ I ბაღვაში ეყმო დავით I ქართველთა კურაპალატს, მიიღო მისგან მიწა-წყალი თრიალეთში და შექმნა ძლიერი კლდეკარის საერისთავო. საერისთავოს აღმოსავლეთით (ალგეთისა და სკორეთის ხეობებში) ესაზღვრებოდა თბილისის საამირო, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და სამხრეთით — სამშვილდისა და ზორაკერტის რეგიონები, სამხრეთ-დასავლეთით — ჯავახეთი, დასავლეთით — სამცხე, ხოლო ჩრდილოეთით — ქართლის საერისთავო, რომელსაც კლდეკარის საერისთავოსაგან თრიალეთის ქედი ჰყოფდა.
დავითის ისტორიკოსი გადმოგვცემს, რომ ლიპარიტი, რომელსაც ეპყრა თრიალეთი, კლდეკარი და მისი მიმდგომი ქვეყანა, ერთხანს ერთგულებდა დავითს. როგორც ჩანს, იმდენად დიდი იყო მომხდური მტრის განდევნის სურვილი, რომ დიდგვაროვანი ფეოდალები ახალგაზრდა მეფეს ამოუდგნენ მხარში. ლიპარიტთან ერთად ჩვენ ვხედავთ ნიანია კახაბერისძესა და აზნაურებს, რომლებიც თანდათან შემოიკრიბნენ საქართველოს სამეფო კარის გარშემო, მაგრამ როგორც ჩანს ეს მშვიდობიანობა და შეთანხმებული საქმიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა.
ლიპარიტის განდგომა ბაღვაშებისა და საქართველოს მეფეთა შორის საუკუნოვანი ბრძოლის გაგრძელებას მოასწავებდა. წინა პერიოდში ეს ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ზოგჯერ საქართველოს მეფეები იძულებულნი იყვნენ დათმობაზე წასულიყვნენ და გარკვეულ კონკრეტულ ვითარებაში კლდეკარის ერისთავების უპირატესობა ნებით თუ უნებლიეთ ეღიარებინათ, მაგრამ დავითი ყველა წინამორბედისაგან არსებითად განსხვავებული მეფე და პიროვნება იყო. იგი შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი და დასახული მიზნის თანამიმდევრული, ენერგიული გამტარებელი იყო. იგი ვერ დაუშვებდა გაორგულებული ვასალის თავკერძობას. პროგრესის გზაზე დამდგარი სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე ქვეყნის გაერთიანება-გაძლიერების მოწინააღმდეგეც იყო, ასეთად მიიჩნია დავითმა ლიპარიტი.მეფემ თავგასული ქვეშევრდომის „ინება გაწურთა“ და შეიპყრო იგი. ლიპარიტმა მოინანია ცოდვა და მეფემაც ამ მონანიების შემდეგ „მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ“ გაათავისუფლა და ყველა მისი უფლება შეუცვლელად ცნო. ლიპარიტის განთავისუფლება 1093 წელსვე უნდა მომხდარიყო. როგორც ჩანს, ლიპარიტმა თავისი ფიცი და პირობა არ შეასრულა და მეფეს კვლავ გაუორგულდა. დავითი დარწმუნდა, რომ ლიპარიტის მორჯულება ისევე არ შეიძლებოდა „რამეთუ კუდი ძაღლისა არა განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს“ და კვლავ შეიპყრო 1094 წელს. 2 წლის განმავლობაში პატიმრობაში ჰყავდა, შემდეგ კი საბერძნეთში გააძევა სადაც გარდაიცვალა კიდეც.
კლდეკარის საერისთავომ კიდევ რამდენიმე წელი იარსება. მას სათავეში ლიპარიტის ძე რატი ედგა. ვერც რატი ლიპარიტის ძემ გამოიჩინა თავი სიკეთითა და საქართველოს მეფისადმი ერთგულებით. ისიც, მისი წინაპრების მსგავსად, სამეფო ხელისუფლებისა და ერთიანი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდა.ბუნებრივია, როცა დავითმა კვლავ ორგულობა იხილა ბაღვაშთა გვარიდან მომდინარე მას ისღა დარჩენოდა უკიდურესი ზომისათვის მიემართა. ეს უკიდურესი ზომა საერისთავოს გაუქმება იყო. მართლაც, დავითმა გააუქმა კლდეკარის საერისთავო და მისი მიწა-წყალი თავის სამეფოს შემოუერთა. კლდეკარის საერისთავოს გაუქმება ემთხვევა საქართველოს მეფის მიერ ზედაზნის ციხის აღებას (1103 წ.).
დავითს ერისთავებთან ბრძოლა ბაღვაშთა დამარცხებითა და კლდეკარის საერისთაოს გაუქმებით არ დაუმთავრებია. საქართველოს მეფე ყოველმხრივ ცდილობდა საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალი ერისთავები დაექვემდებარებინა ფეოდალური მონარქიის მიერ შექმნილი სამეფო კარის ცენტრალური სამოხელეო აპარატისათვის. იგი საქვეყნოდ გამრიგე მოხელეებს დარბაზით გამოსულ მოხელეებად აქცევდა და უპირატესობასაც ამ უკანასკნელებს ანიჭებდა. დავითის დროს გაძლიერებულმა ვაზირის სამეფისკარო-სამოხელეო ინსტიტუტმა გასაქრობად შეუტია ერისთავობის ძველ ინსტიტუტს. დავითი ერისთავობას ცენტრალიზებული, ფეოდალური სახელმწიფოსათვის შეუფერებლად თვლიდა და ყოველმხრივ ავიწროებდა და ცდილობდა მის გაუქმებას.
თურქებისათვის ხარკის შეწყვეტა.
იმ ქმედითმა ღონისძიებებმა, რომლებიც დავით აღმაშენებელმა XI საუკუნის მიწურულს გაატარა, ქვეყანა აღმავლობის გზით წაიყვანა. საქართველოს მეფე უკვე აღარ ეპუებოდა თურქ-სელჩუკებს. საქართველოს სამეფო კარმა ჯვაროსნების მიერ ანტიოქიისა და იერუსალიმის აღებით ლახვარჩაცემული თურქ-სელჩუკების მდგომარეობის აწონ-დაწონვისა და პოლიტიკური შეფასების შემდეგ (ბუნებრივია, შესაბამისად, საკუთარი ძლიერების გათვალისწინებითაც) შესაძლებლად ჩათვალა ხარკის გადახდის შეწყვეტა 1099 წელს. საფიქრებელია, რომ 1097-98 წლები საქართველოს მოშენება-მომძლავრების პროცესის დასრულების წლები იყო და უკვე მოძლიერებულ ქვეყანას შეეძლო უარი ეთქვა მტრისთვის ხარკის გადახდაზე, რადგან მას უკვე ძალაც გააჩნდა და შესაძლებლობაც იმისა, რომ თვითონ გადასულიყო შეტევაზე. ამ აქტით საქართველომ საბოლოოდ აღიდგინა დაკარგული დამოუკიდებლობა.